თამარ გაბუნია: ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება
“დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება და მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 6 ათასზე ოდნავ მეტი ტესტი შესრულდა გუშინ, თუმცა, დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება.
„დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში უჩვეულოდ დაბალია. იყო 1 337 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 ადამიანი. გარკვეულწილად, ეს შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას უკავშირდება, 6 ათასზე ოდნავ მეტი ტესტი შესრულდა გუშინ, თუმცა, დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება და მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტაბილიზაციის ნიშნები აჭარის რეგიონში. აქ ეპიდემიის მატება უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ, მიმდინარე პერიოდში, შემთხვევების გარკვეული კლება აღინიშნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.