პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვა თუ დიპლომატიური ომი – აშშ რუსეთში ორი საკონსულოს დახურვას გეგმავს
აშშ-ის მთავრობა ეკატერინბურგსა და ვლადივოსტოკში გენერალური საკონსულოს დახურვის საკითხს განიხილავს.
ინფორმაციას რუსული “კომერსანტი” დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ეკატერინბურგის საკონსულო განყოფილებამ საქმიანობა მარტიდან პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდა და მომსახურეობას მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში ახორციელებდა. ამავე რეჟიმში მუშაობს საკონსულო მოსკოვსა და სახალინში.
თუმცა, “კომერსანტის” ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში დაასკვნეს, რომ უახლოეს დროში ვითარება, სავარაუდოდ, არ გამოსწორდება.
აშშ-ში რუსეთის ურთიერთობის თანამედროვე ისტორიაში საკონსულოების დახურვა ხშირად გარკვეულ მოვლენებს უკავშირდება, კერძოდ, საპასუხო ზომას ატარებს. აშშ-მა რუსეთში დიპლომატების რაოდენობა, ასევე, სავიზო მომსახურება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეამცირა.
მაგალითად, 2016 წლის დეკემბერში ვაშინგტონმა, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო, ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყნაში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობას 455-მდე ამცირებენ. ამის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა დახურა რუსეთის საკონსულო სან-ფრანცისკოში, ასევე, საკონსულო განყოფილებები ვაშინგტონსა და ნიუ იორკში.
2018 წელს აშშ-მა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი ოჯახებთან ერთად გააძევა, რაც უკავშირდებოდა სოლსბერიში სერგეი და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალების მოწამვლის ფაქტს. რუსეთმა ასევე საპასუხო ზომა მიიღო და მოსკოვში აშშ-ის საელჩოს 58 თანამშრომელი, ასევე ეკატერინგბურგში ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.