დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული RSM-ის გადასროლისწინა სწავლებიდან დაბრუნდა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული გადასროლისწინა სწავლებიდან დაბრუნდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი რევაზ მწითური, მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ გოგნაძე და საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი დახვდნენ.
უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებმა გერმანიაში გადასროლისწინა სწავლება 5 თვის განმავლობაში გაიარეს. მათ გერმანიაში ბუნდესვერის სამხედრო ბაზებზე ასეულის დონეზე ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკითხები შეისწავლეს. გერმანიაში სამხედრო სწავლებამდე კი, მათ შესაბამისი მომზადება საქართველოში გაიარეს. მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.