კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დამაიმედებელი ცნობები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კარგი დღეები მალე დაბრუნდება და დროულად შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალური პირობების აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს ანტიკრიზისული პოლიტიკა და ეკონომიკური გეგმა მიმართულია ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ.
,,დღეს, ჩვენ ამ დარბაზში ვერ შევიკრიბებოდით, რომ არა ჩვენი საზოგადოების ერთიანობა და სოლიდარობა, რომ არა ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალთა მრავალთვიანი, დაუღალავი ბრძოლა კოვიდ19-ის პანდემიასთან. ახალმა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო გამოცდის წინაშე დააყენა. 2020 წლის მარტის შემდეგ პირბადეები, სოციალური დისტანცია და მკაცრი შეზღუდვები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგი და ტკივილია კორონავირუსისგან გარდაცვლილი ადამიანები. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო თითოეულ ოჯახს, ვინც მისთვის ძვირფასი ადამიანი დაკარგა.
ქედს ვიხრი ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, იდგა ჩვენი საზოგადოების დასაცავად, წესრიგის და უსაფრთხოების, სოციალური ფუნქციების უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდი:
ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში, უკვე რამდენიმე თვეა, მუხლჩაუხრელად შრომობენ ადამიანების გადასარჩენად;
პოლიციელებს, ჯარისკაცებს და მაშველებს, რომლებიც იცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას შეზღუდვების პირობებშიც;
მასწავლებლებს, რომლებიც დისტანციურად უზრუნველყოფენ ბავშვების და ახალგაზრდებისთვის განათლების მიწოდებას;
მოხალისეებს, საზოგადოების იმ წევრებს, ვინც ეხმარებიან მარტოხელა ადამიანებს, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ხანდაზმულებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს.
ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენი ქვეყნისთვის პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დამაიმედებელი ცნობები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კარგი დღეები მალე დაბრუნდება და დროულად შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალური პირობების აღდგენას.
სახელმწიფოს ანტიკრიზისული პოლიტიკა და ეკონომიკური გეგმა მიმართულია ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ, ასევე, ეკონომიკის სტაბილიზაციისა და სწრაფი აღდგენისკენ. სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორონავირუსით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეებს და მეწარმეებს გადასახადები გადაუვადდათ, მოხდა ოჯახებისთვის კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებს გაეწიათ ფინანსური დახმარება, თვითდასაქმებულებმა მიიღეს მხარდაჭერა, შენარჩუნდა კაპიტალური პროექტების დაფინანსება, შემუშავდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მოხდა სესხების გადავადება, ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასების შესანარჩუნებლად გამოიყო დაფინანსება, პენსიების ინდექსაციის წესი ამოქმედდება 2021 წლის იანვრიდან, ჩვენ შევძელით სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის, დეველოპერული სექტორების მხარდაჭერა და 17 წლის ასაკის ჩათვლით ყველა ბავშვზე ფინანსური დახმარების მობილიზება.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მზად არის მხარი დაუჭიროს 2020-2024 წლებში ეკონომიკური რეფორმების გატარებას, კერძო სექტორის მხარდამჭერი და ინოვაციური პროექტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობის განვითარების ფინანსურ და ტექნიკური მხარდაჭერას, მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, წყალმომარაგების, გაზიფიცირების, ელექტროენერგიისა და სწრაფ ინტერნეტზე წვდომის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდილ შემოსავლებს სოფლად მაცხოვრებლებისთვის, სოფლების განვითარებას, ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ერთიანობით და სახელმწიფოს გონივრული და ეფექტიანი პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას და შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.