ამირან გამყრელიძე: ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის შეძენა სახელმწიფოს 5-დან 6 დოლარამდე უჯდება, ხოლო „პისიარი“ 12-18 დოლარის ფარგლებში მერყეობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის შეძენა სახელმწიფოს 5-დან 6 დოლარამდე უჯდება, ხოლო „პისიარის“ შესყიდვის ღირებულება 12-18 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
მისივე თქმით, გაზაფხულზე, როდესაც ძნელი იყო მათი ხელმისაწვდომობა, ფასი მაღალი იყო, დღეს კი მათი ღირებულება შედარებით ნაკლებია.
„ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ყიდვა ქვეყანას უჯდება 5-დან 6 დოლარამდე, ხოლო „პისიარის“ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა იყო. გაზაფხულზე, როდესაც ძნელი იყო მათი ხელმისაწვდომობა, მათი ფასი მაღალი იყო, დღეს მათი ფასი შედარებით ნაკლებია, საშუალოდ უნდა ვიანგარიშოთ მათი შესყიდვის ფასი, სადღაც 12-18 დოლარის ფარგლებში. ეს არის შესასყიდი ფასი, იმ „პისიარს“ ექსტრაქცია სჭირდება, სადღაც 20-25 დოლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს ფასი. ხდება კიდევ გადახდა ე.წ. მომსახურების ფასის ლაბორატორიები, ვინც ამას აწარმოებენ თავისი სახარჯი მასალებით, აღჭურვილობით და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, დღეს „პისიარის“ ჩატარების სახელმწიფო ტარიფი, რომელსაც ლაბორატორიებს ვუხდით, თუ არ ვცდები, რეაქტივის ჩათვლით უნდა იყოს 120 ლარამდე“, – განაცხადა გამყრელიძემ.