“ხანგოშვილი მკვლელობის დღეს სანდრა რულოვსს უნდა შეხვედროდა” – გერმანელმა გამომძიებლებმა სააკაშვილის მეუღლე გამოკითხეს

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, გერმანია ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის პროკურატურის გამომძიებლებმა რულოვსს ოფიციალურად მიმართეს და მას ჩვენების მისაცემად ბერლინში ჩასვლაც სთხოვეს. თუმცა, რულოვსი ბერლინში არ ჩავიდა და ის ტელეფონით გამოკითხეს.

როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრა 2019 წლის 23 აგვისტოს უნდა შემდგარიყო. სანდრა რულოვსისა და გამომძიებლების სატელეფონო საუბრის დეტალები უცნობია, შესაბამისად, უცნობია რულოვსისა და ხანგოშვილის დაგეგმილი და არშემდგარი შეხვედრის მიზანი და მოტივიც.
ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. გერმანული მედიის ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას დაკითხულია, დაახლოებით, 30-მდე მოწმე, მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე.
საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს დასდო ბრალი და ბერლინიდან ორი რუსი დიპლომატიც გააძევა. როგორც ცნობილია, ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში ( 1999 წ) საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები