მაია ბუწაშვილი: ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა არ არის რამე ისეთი ნიშანი, რომელზეც განგაში უნდა ავტეხოთ, ზოგადად, ვირუსული ინფექციებისთვის ეს არ არის უცხო
“ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა არ არის რამე ისეთი ნიშანი, რომელზეც, ვთქვათ, რაღაც განგაში უნდა ავტეხოთ, თუმცა აქაც, რა თქმა უნდა, ზღვარი არსებობს”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი რამ მეორდება კორონავირუსის შემთხვევაში, რაც იყო სასუნთქი გზების ინფექციის, თუნდაც გრიპის დროს, თუმცა, მაშინ ადამიანები ამ დეტალებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.
„რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას, ჩვენ აღვიქვამთ, რომ ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურა იწყება 36 გრადუსიდან და ამის ქვემოთ უკვე ადამიანები ღელავენ, რომ აქვთ უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა. ზოგადად, ვირუსული ინფექციებისთვის ეს არ არის უცხო. საერთოდ, ბევრ სიმპტომსა და დეტალს ადამიანები ახლა აქცევენ ბევრად მეტ ყურადღებას, ვიდრე – სხვა დროს, თორემ ბევრი რესპირაციული სასუნთქი გზების ინფექციის, გრიპის დროს, თუ კარგად გაიხსენებენ დეტალებს, ბევრი რამ მეორდება. უბრალოდ, მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ასეთ დეტალებში არავინ მიდიოდა.
ერთი მხრივ, კარგიც არის, ჩვენ, ექიმებს გვიმსუბუქდება სიტუაცია, რადგან მოსახლეობის განათლებამ აშკარად მოიმატა, თუმცა, ზოგჯერ ეს ცოტა მცდარიც არის, ხან , სწორი. ასეა თუ ისეა, მინდა, მათ ვუთხრა, რომ ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციების დროს, ეს არცთუ ისე იშვიათი იყო და ამაზე ნუ ინერვიულებენ. ანუ, ჩვეულებრივზე დაბალი ტემეპრატურა არ არის რამე ისეთი ნიშანი, რომელზეც, ვთქვათ, რაღაც განგაში უნდა ავტეხოთ, თუმცა აქაც, რა თქმა უნდა, ზღვარი არსებობს, თუ განსაკუთრებით დაბალია, მაგრამ რეალურად ასეთი შემთხვევები არ არის“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
რაც შეეხება 37-ს ზემოთ ტემპერატურას, მაია ბუწაშვილის თქმით, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს, დღე-ღამის რაღაც მონაკვეთში 37-ს ზემოთ ხშირად აქვს ტემპერატურა.
„ზოგმა ეს არ იცის, რადგან ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჩვენ ყოველთვის არ ვიზომავთ ტემპერატურას. ამიტომ, იქნება ადამიანების ისეთი ნაწილი, რომელსაც ისედაც ასე ჰქონდა, უბრალოდ, ამას ვერ ამჩნევდა“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.