ჯანდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის მიზანი ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღება, სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე, სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა.

ხელმოწერა ანკარაში გაიმართა. სამინისტროს სახელით ოქმს ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა – გიორგი ჯანჯღავამ მოაწერა. დოკუმენტის ხელმოწერას კი ონლაინ ფორმატში მინისტრის მოადგილე – გიორგი წოწკოლაური და ადმინისტრაციის უფროსი – თინათინ ხარძიანი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები