ამირან გამყრელიძე: რესპირაციული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ ყველა პრევენციული ზომის დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება უნდა გახდეს სრულიად მანდატორული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რესპირაციული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ ყველა პრევენციული ზომის დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება სრულიად მანდატორული უნდა გახდეს.
მისივე თქმით, საქართველოში გრიპის ვაქცინის საკმარისი მარაგია.
„მინდა, გავიმეორო ორი გზავნილი. პირველი – რესპირაციული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ ყველა იმ პრევენციული ზომის დაცვა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, პირბადის ტარება უნდა გახდეს სრულიად მანდატორული. მანდატორული არის ოფიციალურად, მაგრამ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ დეკემბერში, იანვარში, თებერვალში აუცილებელია ყველგან პირბადის ტარება, ის დაგიცავთ გრიპისგან, დაგიცავთ კოვიდისგან. ვიმეორებ, ჩვენ დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი უკვე 65 პროცენტზე გვაქვს, თუ ამას ავიყვანთ 95 პროცენტზე, სერიოზულად შემცირდება კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა და, შესაბამისად, ვიქნებით დაცული გრიპისგან. ამასთან, გთხოვთ, ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რაც გვაქვს გრიპთან მიმართებაში, სახელმწიფოს ვაქცინა საკმარისია და მიბრძანდნენ ისინი, ვინც არიან რისკჯგუფებში. რისკჯგუფები კიდევ უფრო გაფართოვდა, დაემატა მასწავლებლები, 65 წელს ზემოთ ადამიანებს უკვე მოეხსნათ აუცილებლობა, რომ ქრონიკული დაავადებები გაქვს თუ არა, ყველას შეუძლია მიბრძანდეს და აიცრას, ჯერ კიდევ არის ვაქცინის მარაგი. ასევე, ვთხოვ თითოეულ ორსულ ქალბატონს, რომ აიცრან გრიპის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა გამყრელიძემ.