“შემუშავდა ახალი, თანამედროვე კვალიფიკაციების სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია ევროპული სისტემასთან” – მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების კვირეული 2020“ გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ონლაინ ფორმატში გახსნა.

კვირეული, რომლის მიზანს Covid-19-ის ფონზე პროფესიულ განათლებაში მიმდინარე გამოწვევების ანალიზი, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენს, დღეს დაიწყო და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ონლაინკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები განიხილა, ხაზი გაუსვა ადამიანური კაპიტალის განვითარების, სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და შრომის ბაზარზე ორიენტირებული სისტემის შექმნის მნიშვნელობას. პოზიტიურად შეაფასა პროფესიული განათლების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და დამსაქმებლების ჩართულობის ზრდა, რამაც გაამყარა საფუძველი პროფესიული განათლების მართვის სრულიად ახალ მოდელზე მუშაობის დასაწყებად.

„ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ადამიანური კაპიტალის განვითარების, სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და შრომის ბაზარზე ორიენტირებული სისტემის შექმნის მიმართულებით. შემუშავდა ახალი, თანამედროვე კვალიფიკაციების სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია ევროპული კვალიფიკაციების სისტემასთან, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, გაძლიერდა სასწავლებელთა ქსელი, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, გაძლიერდა საჯარო-კერძო პარტნიორობა და დამსაქმებლების ჩართულობა პროფესიული განათლების სფეროში“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, მომდევნო წლიდან პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც საფუძვლად დაედება პროფესიული განათლების რეფორმის ახალი სტრატეგია, მთავარი პრიორიტეტი კი ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზაცია და კერძო სექტორთან პარტნიორობის მეტად გაძლიერება იქნება.

გამოსვლის დასასრულ, მიხეილ ჩხენკელმა წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო დონორს საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირების საქმეში მრავალწლიანი, აქტიური თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისათვის.

მინისტრმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და დამსაქმებლებს პანდემიის პირობებში გაწეული საქმიანობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა არსებულ რეალობასთან ადაპტირება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალიწინებით წელს დისტანციურ ფორმატში – ონლაინ კონფერენციების სახით 7-10 დეკემბერს იმართება. იგი ევროკომისიის ევროპული პროფესიული განათლების კვირეულის (European Skills Week) ფარგლებში ტარდება, რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია, უერთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები