პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე – საქართველოში პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) გაიხსნა.

კვირეულის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ პროფესიული განათლების სიახლეებს, გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება Covid-19-ის ფონზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე თუ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელონ.

„პროფესიული განათლების კვირეული 2020“ ეძღვნება ევროკომისიის ევროპული პროფესიული განათლების კვირეულს (European Skills Week), რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია, უერთდება.

ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წელს კვირეული დისტანციურ ფორმატში – ონლაინ კონფერენციების სახით 7-10 დეკემბერს გაიმართება.

ოთხდღიან კონფერენციაზე განხილული იქნება პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები, პანდემიის პირობებში სამუშაო ძალის განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის სირთულეები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები. ასევე, წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროექტები.

7 დეკემბერი (10:00-15:00) – ახალი გამოწვევები და გადაჭრის გზები Covid-19-ის ფონზე

8 დეკემბერი (11:00-14:00) – კერძო სექტორის როლი უნარების განვითარების პროცესში Covid-19-ის ფონზე

9 დეკემბერი (10:00-14:00) – ევროკავშირის განათლებისა და დასაქმების პროგრამა – ახალი შესაძლებლობები

10 დეკემბერი (11:00-15:00) – ინოვაციური სწავლება, მასწავლებლის ახალი როლი პანდემიის პირობებში

სამუშაო პროცესში ჩართული იქნებიან ბიზნეს ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, ადგილობრივი ექსპერტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (GIZ, UNDP/SDC, WB/GGF, ADB, ETF), პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენელები.

კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე. ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ-ინგლისურ ენებზე. სრული დღის წესრიგი და რეგისტრაციის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3myw25c .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები