ზაალ უდუმაშვილი: პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება, „ნაცმოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის მიერ გამართულ პოლიტსაბჭოზე ყველამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.
მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს ფასილიტატორ ელჩებთან კონკრეტული წინადადებით მივა.
„დღეს შეიკრიბა ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო, რომელმაც ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაამტკიცა პარტიის პოლიტსაბჭომ.
რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, ჩვენ მივალთ კონკრეტული წინადადებებით. აქედან მთავარი არის ახალი არჩევნები ქვეყანაში, თუმცა, რაღაც კომპონენტები დაემატა ჩვენს წინადადებებს, წინასწარ ვერ ვისაუბრებ, ვიდრე არ დასრულდება შეხვედრა და ეს იქნება ჩვენი წინადადება, რომელიც უნდა გადაეცეს ხელისუფლებას. შემდეგ დაველოდებთ ხელისუფლების პასუხს. დღეს არის უმძიმესი სიტუაცია და რაც დღეები გადის, უფრო მძიმდება სიტუაცია ყველა მიმართულებით. თუ „ქართული ოცნება“ გონს მოეგება, არსებობს რეალური შანსი, რომ პოლიტიკური კრიზისი მოვხსნათ დღის წესრიგიდან და ყველამ ერთად დავიწყოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრას გამართავენ.