ქუთაისში ავტომობილების გაქურდვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული გ.მ. და 2003 წელს დაბადებული რ.ხ. ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, 4 მოქალაქის კუთვნილი ავტომობილებიდან კომპიუტერული მოწყობილობა – ე.წ. პლანშეტი, ასევე, სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე არასრულწლოვანი, დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, მომხდარიდან მეორე დღესვე ამხილეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
მხილებულები დანაშაულს აღიარებენ.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.