ანდრია გვიდიანი: გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის გაუმჯობესება ხაზს უსვამს ქვეყნის განვითარების სწორ გეზს
SolAbility-ს გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 37-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოზიცია საქართველოსთვის ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
ინდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ პოზიციების გაუმჯობესება ქვეყანაში სწორი პოლიტიკის გატარების კიდევ ერთი დადასტურებაა.
„ზოგადად, საერთაშორისო რეიტინგები ასახავს, თუ რამდენად სწორი გზით ვითარება ქვეყანა. მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი ერთ-ერთი ფართო შეფასების ინსტრუმენტია, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიის ხარისხით ფასდება.
ასეთი ტიპის რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის და, ზოგადად, საქართველოთი დაინტერესებული პირებისთვის. ხაზგასასმელია, რომ საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა და, ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენ პოზიციებს.
საკუთრივ სარეიტინგო პოზიციების გაუმჯობესება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ განვითარების გეზი, რაც აღებული გვაქვს როგორც ეკონომიკური, ისე – დემოკრატიული სტანდარტების კუთხით, სწორია. შესაბამისად, მსგავსი ტიპის რეიტინგები ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკის ეფექტურობის აღიარებაა”, – განაცხადა გვიდიანმა.
მისივე თქმით, რეიტინგში გაუმჯობესება განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოქმედი ხელისუფლების პირობებში.
„აუცილებლად ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსში 2013 წლამდე, სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთი მაჩანჩალა ქვეყანა იყო და, შესაბამისად, 95-ე პოზიციას იკავებდა. ეს ლოგიკურიც არის. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორი განუკითხაობა იყო წინა ხელისუფლების პირობებში. ბიზნესების ტერორი, კანონის ფეხქვეშ გათელვა, საკუთრების ხელყოფა და სხვა ამორფული მიდგომები ჩვეულებრივ ყოველდღიურობას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში თუ რეიტინგებშიც შესაბამისად იყო აღბეჭდილი ყოფილი ხელისუფლების რეალური სახე. დღეს კი დიამეტრალურად განსხვავებული რეალობა გვაქვს, მთელი რიგი მიმართულებებით განხორციელებულმა სისტემურმა რეფორმებმა შედეგი გამოიღო და, ბუნებრივია, საერთაშორისო ასპარეზზეც ყველა მნიშვნელოვან სარეიტინგო შეფასებაში საგრძნობი წინსვლა ფიქსირდება”, – აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.