პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ა.ვ.-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოქალაქეებს პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდა და აღნიშნავდა, რომ საჭიროა, მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ.

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2 დეკემბერს ქ.ფოთში, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები ა.ვ.-ს უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად შეხვდნენ, რა დროსაც ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცავებმა ა.ვ. დააკავეს 2020 წლის 2 დეკემბერს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ოთხიდან შვიდ წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ა.ვ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები