ლინკევიჩუსი: მტკიცედ ვართ განწყობილნი, რომ საქართველოსა და უკრაინას ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის გზაზე დავეხმაროთ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს მინისტერიალზე ლინას ლინკევიჩუსის გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, ჩეხეთის, ლატვიისა და სლოვაკეთის სახელით მიმართა.
აღინიშნება, რომ ლინკევიჩუსმა მოკავშირეების ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საჭიროა უკრაინასა და საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.
გარდა ამისა, მინისტრმა 13 ქვეყნის წერილი წარადგინა, რომელშიც არის მოწოდება, რომ ნატო-ში “ღია კარის” პოლიტიკა იყოს შენარჩუნებული. წერილი ლიეტუვის ინიციატივით მომზადდა.
“მტკიცედ ვართ განწყობილნი, რომ საქართველოსა და უკრაინას ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის გზაზე დავეხმაროთ. ასევე, გვსურს, წავახალისოთ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ჩვენი პარტნიორების, ასევე, ჩვენს უსაფრთხოებას განამტკიცებდა”, – თქვა ლინკევიჩუსმა.