2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა, – ანიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.7 პროცენტი), ზეთი და
ცხიმი (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (-7.8 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (2.6 პროცენტი).
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2020 წლის ნოემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ზეთი და ცხიმი (23.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.2 პროცენტი), თევზეული (9.1 პროცენტი),
რძე, ყველი და კვერცხი (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0 პროცენტი),
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-5.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.8 პროცენტით, რაც 0.71 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (12.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.2 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.6 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.7 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (10.4 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (10.1 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (7.4 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (6.2 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.2 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.64 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.7 პროცენტი).