კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგები და გამოწვევები “GeoIGF2020”-ზე შეაჯამა

რა გამოწვევებია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და რა შესაძლებლობები აქვთ პოტენციურ MVNO-ებს მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილებით, რა გეგმები აქვს კომუნიკაციების კომისიას ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის დანერგვის მიმართულებით და როგორია საქართველოს ზედა დონის დომენური სახელის .ge ზონის გამოწვევები – აღნიშნულ თემებზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტერნეტმმართველობის ვირტუალურ ფორუმზე სხვადასხვა თემატური სესიების ფარგლებში ისაუბრეს.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი კომუნიკაციების კომისიის წევრმა, მერაბ ქათამაძემ მხარდამჭერ ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

“პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებას ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა თავი წარმატებით გაართვა. სახელმწიფო სტრუქტურების, სასწავლო დაწესებულებების, კერძო სექტორის დისტანციურად მუშაობა, ინფორმაციაზე წვდომის უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფა, სხვადასხვა აპლიკაციის, თუ ვებ-გვერდის საშუალებით მომსახურების მიღება – ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სფეროსეფექტიანი ფუნქციონირება. პანდემიამ და იზოლაციის პირობებში ცხოვრებამ ჩვენი სფეროს მეტად განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროება კიდევ უფრო ნათელი გახადა. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში ზუსტად ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული”, – განაცხადა მერაბ ქათამაძემ.

“GeoIGF2020-ზე გამომსვლელებმა სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციისა და კონკურენციის გაძლიერების კუთხით კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება. რა მექანიზმი აქვთ მშობლებს და როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან – კომუნიკაციების კომისიის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე ბავშვთა კოდექსისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დეტალურად ისაუბრა. ფორუმის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიასა და მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციას (ICANN) შორის ურთიერთთანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც დომენურ სახელთა სისტემის (DNS) ეკოსისტემის განვითარებისა და ეროვნული დომენური სახელების (IDNs) პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მხარეები ერთობლივ პროექტებზე შეთანხმდნენ, რაც დომენურ სახელთა სისტემის დაცულობის გაძლიერებას, ინტერნეტის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და საქართველოში ინტერნეტის განვითარებას  შეუწყობს ხელს.​ ინტერნეტმმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კომუნიკაციების კომისია.  ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. წლევანდელი GeoIGF2020 ევროპის საბჭოს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), ICANN და RIPE NCC-ს მხარდაჭერით იმართება. ფორუმი ხელს უწყობს მონაწილე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას და უზრუნველყოფს  ინტერნეტის მართვის პოლიტიკის შესახებ დიალოგსა და პოზიციების შეჯერებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები