ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი: ჩვენთან პაციენტების 98-99%-ს ჟანგბადის მოხმარება სჭირდება, 22 კოვიდინფიცირებული კი კრიტიკულად მძიმეა
“ამ წუთას კლინიკაში თავისუფალი საწოლები არ არის, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტებს არ ვიღებთ”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმმა, ლია გოლიაძემ განაცხადა.
ექიმმა იმ ბავშვებზეც ისაუბრა, რომლებიც დღესდღეობით კლინიკაში მკურნალობენ და აღნიშნა, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ.
„ჩვენს კლინიკაში 150 პაციენტი მკურნალობს, მათგან 22 კრიტიკულად მძიმეა და მკურნალობას რეამინაციულ განყოფილებაში აგრძელებენ. რაც შეეხებათ ბავშვებს, მათი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, თუმცა, 1-2 ბავშვი მაინც საყურადღებოა.
კლინიკაში პაციენტების 98-99%-ს სჭირდება ჟანგბადის მოზმარება. ასევე, არიან ისეთებიც, რომლებიც აღარ საჭიროებენ ჟანგბადის მოხმარების აუცილებლობას და მალე გაეწერებიან სახლებში ან კოვიდსასტუმროებში. ჩვენთან სამედიცინო ჟანგბადით უზრუნველყოფა ჩვენივე ქარხნიდან ხდება, ანუ ადგილზე ვაწარმოებთ მას. რა თქმა უნდა, ეს ქარხანა ამ რაოდენობით ჟანგბადის წარმოებაზე არ იყო გათვლილი, მაგრამ ჩვენი ძალებით გავაძლიერეთ მისი წარმადობა, პარალელურად, დაახლოებით, 10 დღეში მეორე ქარხანაც გვექნება, რითაც სრულად მოვამარაგებთ პაციენტებს”, – თქვა ექიმმა.
ლია გოლიაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ წუთას თავისუფალი საწოლები არ აქვთ, თუმცა, როგორც კი გათავისფლდება ადგილები, აუცილებლად ახალ კოვიდინფიცირებულებს მიიღებენ.
“ამ წუთას კლინიკაში თავისუფალი საწოლები არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტებს არ ვიღებთ. დღეს, როდესაც 2 ადამიანი გავუშვით კლინიკიდან კოვიდსასტუმროში, მალევე 2 პაციენტი იქნა მოყვანილი ჩვენთან. საღამოს, როცა იქნება გასაწერი პაციენტების მონაცემები და შეგვეძლება მათი გაშვება, ახალ კოვიდინფიცირებულებს აუცილებლად მივიღებთ”, – განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმმა, ლია გოლიაძემ.