სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში „გზა ბიოდეგრადირებად შეფუთვისკენ საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში გამართული ონლაინ შეხვედრა თემაზე „გზა ბიოდეგრადირებად შეფუთვისკენ საქართველოში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ონლაინ შეხვედრაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი – ალექსანდრე დარასი, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში – ლუიზა ვინტონი და ევროპელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისათვის და ყურადღება სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტულობისა და ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, 2019 წლიდან ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. თუმცა, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე, საქართველოში პლასტიკით გარემოს დაბინძურება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი დიდი რაოდენობით გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის ინიციატივა, რაც აღნიშნული მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა შვედეთის მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „დაიცავი საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ქვეყნისთვის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის მომზადების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყანა გარემოს დაცვის პოლიტიკის წარმოების ახალ ეტაპზე გადადის, რაც ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ემსახურება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ბიოდეგრადირებადი შეფუთვის ზოგად სტანდარტებს და საკვებ პროდუქტებში გამოყენების ხარისხის ასპექტებს, ასევე, შესაფუთი მასალის მწარმოებლებისა და ქართული კომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები