სალომე ზურაბიშვილი: ლია ბიბილეიშვილის გარდაცვალება ჩემთვის პირადად უდიდესი დანაკლისია, არანაკლებად – ჩვენი საზოგადოებისთვის
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
,,ლია ბიბილეიშვილის გარდაცვალება ჩემთვის პირადად უდიდესი დანაკლისია. არანაკლებად – ჩვენი საზოგადოებისთვის. ქალბატონი ლია დედ-მამის თავდაუზოგავი საქმის ღირსეული გამგრძელებელი იყო. მთელი ცხოვრება მიუძღვნა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დაცვას, მის სახელისა და ღვაწლის შესწავლასა და პოპულარიზაციას.
დიდი მადლობა, ლია, ჩვენი ოჯახის სახელით! დიდი მადლობა ქართველ საზოგადოების სახელით, რომელთანაც მიიტანეთ ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების სიტყვა და საქმე! თქვენი დამსახურება დიდია და არ დაიკარგება! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა. ლია ბიბილეიშვილი სამტრედიის კოვიდსაავადმყოფოში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და გუშინ გარდაიცვალა.