პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: ბრალდებულთა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ბრალდებულთა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ამირან გულუაშვილმა „იმედის” გადაცემაში „არენა” განაცხადა. დავით-გარეჯის საქმის პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ბრალდებული, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები აცხადებენ, რომ დავით-გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია, რომ ის არის აზერბაიჯანის ტერიტორია. მაშინ როდესაც კარტოგრაფიული მონაცემებით, ისტორიული ფაქტებით და საყოველთაოდ ცნობილი გარემოებებით მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია. სწორედ ამას გულისხმობს სახელმწიფო ბრალდება, როდესაც ამბობს, რომ ბრალდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას”, – განაცხადა პროკურორმა.

11 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე იმ 214-ი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებიც ბრალდებულებს თავდებად დაუდგნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები, რომლებმაც სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია გამართეს.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები