“პირები, რომლებიც საზღვრის შეთანხმებამდე მესაზღვრეებად მუშაობდნენ ადასტურებენ, რომ მაშინ დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მიერ კონტროლდებოდა”

იდენტიფიცირებულები არიან პირები, რომლებიც საზღვრის შეთანხმებამდე მესაზღვრეებად მუშაობდნენ, და ისინი ადასტურებენ, რომ მაშინ დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მიერ კონტროლდებოდა, ხოლო შეთანხმების შემდეგ ამ ტერიტორიის ნაწილი აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში „არენა” პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

„როგორც ცნობილია, ამ საქმეზე გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში მიცემულია ორი პირი და ორივეს მიმართ გამოყენებულია პატიმრობა. თავიდანვე ამ საქმეზე გამოიყო ძალიან დიდი ადამიანური რესურსი, ყოველდღიურად გამომძიებლები და პროკურორები ატარებენ ათობით საგამოძიებო ქმედებას. საქმეზე ტარდება არაერთი საექსპერტო და გარკვეული კარტოგრაფიული ექსპერტიზის დასკვნები საზოგადოებამაც იხილა. ასევე მივიღეთ ელექტრონული კომუნიკაციისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები, რომლებსაც ბრალდებულები იყენებდნენ. კომპიუტერებიდან დაახლოებით 1 ტერაბაიტის მოცულობის ელექტრონული მასალაა აღდგენილი.

იდენტიფიცირებულები არიან მოწმეები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან გამოძიებას. მაგალითად, იდენტიფიცირებულები არიან პირები, რომლებიც საზღვრის შეთანხმებამდე მესაზღვრეებად მუშაობდნენ, და ისინი ადასტურებენ, რომ მაშინ დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მიერ კონტროლდებოდა, ხოლო შეთანხმების შემდეგ ამ ტერიტორიის ნაწილი აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება და გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სრულყოფილ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ გავავრცელებთ”, – განაცხადა პროკურორმა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები