პროკურატურა ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მონაწილეობით 28 ნოემბერს მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 28 ნოემბერს დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია.

გამოძიებით დგინდება, რომ 28 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მოდელის ავტომანქანა, რომელსაც ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 234-ე კმ-ზე, შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტ“-ის მარკის მიკროავტობუსს, რის შემდგომაც შეჯახების ინერციით მიკროავტობუსი შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ. დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.

გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე, ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები