ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება

საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის – ვ.ბ.-ს სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ხსენებული პირი არის არა ვ.ბ., არამედ – რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – მ.გ., რომელმაც ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალსა და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

,,2020 წლის 27 ნოემბერს, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, გიორგი გაბუნია ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლომ.გ.-ს, სსკ-ის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებას.

პატიმრობის საერთო ვადის გათვალისწინებით, ბრალდებულ მ.გ.-ს მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყოფა საქმე ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე და წარიმართება სასამართლოში, ხოლო შესაძლო მკვლელობის მომზადების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, მათ შორის, ინფორმაციისა და სხვადასხვა მტკიცებულების მოპოვების მიზნით უცხო სახელმწიფოში გაგზავნილია შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები