გიორგი გახარია: გვერდს ვერ ავუვლიდით და დავივიწყებით საახალწლო დღესასწაულებს, 8 დიდ ქალაქში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ყველა სახის შეზღუდვა იხსნება

“მიუხედავად პანდემიისა, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლიდით და ვერ დავივიწყებით საახალწლო დღესასწაულებს, პირველ ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარეც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში იხსნება ყველა სახის შეზღუდვა.

„შესაბამისად, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სავაჭრო მოლები, ეს ყველაფერი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, თუმცა უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ის ნორმები, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. სამწუხაროდ, მე მინდა ვთქვა და ეს არ არის საყვედური, ეს გვეხება ჩვენ ყველას, დღესაც, ქვეყანაში მოქმედებს ბევრი შეზღუდვა, რომელიც ან დაგვავიწყდა, ან არ ვასრულებთ, ამიტომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა დავალება, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად იყოს აღდგენილი და გაკონტროლებული ეს შეზღუდვები. ეს სწორედ ის კომპრომისია, რომელზეც მე ვსაუბრობდი, როდესაც ჩვენს ბალანსში, დამატებით, მესამე, პოლიტიკური კომპონენტი შემოვიდა”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტიც, მაგრამ შეზღუდვა, რომელიც დღეს არის გადაადგილებაზე, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, იქნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

„გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება.

ასევე მინდა, გითხრათ, რომ შეზღუდვა, რომელიც ეხება დროს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით და არა ქალაქების მასშტაბით. მინდა, რომ ეს ხაზგასმით აღვნიშნო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, ამ ყველაფერს დეტალურად კიდევ განმარტავენ, ისევე, როგორც ეს ყველაფერი მთავრობის დადგენილებაში იქნება განმარტებული”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმინისტრის თქმით, ამ ორი თვის განმავლობაში, სრულად, ქვეყნის მასშტაბით, არის რამდენიმე მიმართულება, რომლებსაც ეხებათ სრულად შეჩერება.
„ეს პირველ რიგში გახლავთ რესტორნები, თუმცა დისტანციური მომსახურება რესტორნებში, მიტანის სერვისები დარჩება, ასევე, ფიტნეს-კლუბები, საცურაო აუზები. უმკაცრესი რეკომენდაციაა მთავრობის მხრიდან კომპანიებში მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ხოლო ჩვენ, ჩვენს საჯარო მოხელეებს სავალდებულოდ გადავიყვანთ დისტანციურ რეჟიმზე. ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს, მინიმალური შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ 2 თვის განმავლობაში უნდა მოგვცეს მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ეს ბლოკებად და ეტაპობრივად გითხრათ – 28 ნოემბრიდან 24-დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს ყველას ერთად საშუალებას, რომ ვიზეიმოთ ახალი წელი და რელიგიური დღესასწაულები ხოლო შემდგომ უკვე ისევ ვუბრუნდები შეზღუდვებს 3 იანვრიდან 16 იანვრამდე”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მოგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში.

„შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი ბლოკი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ შესაძლებლობა საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, იმისთვის, რომ მათი მობილობა არ იყოს ასე ვთქვათ ჩაკეტილი დღეებში, არამედ მათ შეეძლოთ დაგეგმონ გადაადგილება ორი, ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით, ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. 16 იანვრის შემდგომ ყველა შეზღუდვა იხსნება. რჩება მხოლოდ შაბათ-კვირას იგივე შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე. ეს არის ყველაფერი, რაც ეხება შეზღუდვებს, რაც არის კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი და რასაც უნდა ჰქონდეს ყველაზე დიდი ძალა ეპიდემიის გავრცელების შეჩერებისთვის.

აქ არის განათლების სფეროში დამატებითი შეზღუდვები, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში გარკვეული შეზღუდვები და დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები