ახალგაზრდობის სააგენტო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს” ეწვია
ახალგაზრდობის სააგენტომ, სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების „ახალგაზრდული მუშაკის, როგორც პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის” ფარგლებში, რეგიონული ტურნე მოაწყო, სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს ტურნეს შეჯამება მცხეთა-მთიანეთში, სოფელ წინამძღვრიანთკარში, „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში” გამართა. პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკები, პირველ, სახელმწიფოსგან აღიარებულ ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს გაივლიან.
შეხვედრის მიზანი, პროფესიულ სასწავლებელთან სამუშაო პრინციპების განსაზღვრა პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის მომზადება-განხორციელების ეტაპზე, ახალგაზრდების ჯგუფის და თემების განსაზღვრის პროცესის მონიტორინგი, მათ შორის პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევებისა და ადაპტაციის გზების განხილვაა, რათა პროგრამა გამართულად და დროში შეუფერხებლად გაგრძელდეს.
„გადამზადების პროგრამის დაწყება, ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამით, პირველ ეტაპზე, ღია კონკურსის გზით შერჩეული 27 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი გადამზადდება, საქართველოს 9 რეგიონიდან”,- განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა.