აკაკი ზოიძე: სამწუხაროდ, პესიმისტური სცენარით მივდივართ, მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება გველოდება
“ინფექციის სწრაფი, აღმავალი ტენდენციის შეჩერება შეიძლება ერთდროულად 3 მიმართულებით ზომების მიღებით”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.
ზოიძის განცხადებით, ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება გველოდება.
„უფრო კონკრეტულად: რაც უნდა ბევრი საავადმყოფო საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ ყოვლისა, პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება.
ინფექციის სწრაფი, აღმავალი ტენდენციის შეჩერება შეიძლება ერთდროულად 3 მიმართულებით ზომების მიღებით:
1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებითა და ამის დემონსტრაციული გაკონტროლებით; 2. ტესტირების შემდგომი გაფართოებითა და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის, დიგიტალურის) ჩართვით, რომ დროულად მოხდეს მათი თვითიზოლაცია და/ან კოვიდსასტუმროში გადასვლა;
3. ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში – დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც. ამ შემთხვევებში, უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტისა და იმავდროულად სოციალურ- ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები.
ახლა თუ მივიღებთ ამ ზომებს, ორ კვირაში წავა ინფიცირებულთა კლება და 20-24 დღეში კი სიკვდილობის შემცირება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დასაწერად ადვილია, განსახორციელებლად ძალიან ძნელი. მაგრამ, ჩემი აზრით, სხვა გამოსავალი ახლა უკვე არ არის, რომ ინფიცირებულთა ექსპონენციალური ზრდის ტემპი შევანელოთ“, – წერს აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში.