მეუფე იაკობი: არ შეიძლება ქართველის ასე გაყოფა, ვინც უნდა ყოფდეს, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებს

“ამერიკელები ჩვენს ტრადიციებს აფასებენ. ვისურვებდი, პოლიტიკოსები ისე მოქცეულიყვნენ, რომ საქართველომ გაიმარჯვოს”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობი ამბობს, ამერიკელებს ეკლესიაში განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ და ისინი ჩვენს ტრადიციებს აფასებენ.
„არ შეიძლება ქართველის ასე გაყოფა. ვინც უნდა ყოფდეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებენ. რატომ უნდა ხედავდნენ უცხო ქვეყნები ეკლესიის როლს? ჩამოვიდნენ, ნახეს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს აუცილებელია, როცა ქვეყანაში ჩადიხარ, მაგრამ ჩვენთან, ეკლესიაში განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ ამერიკელებს. თვითონაც ხედავთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენს ტრადიციებს აფასებენ.
ჩვენი ეკლესიის როლს აფასებენ ამ ტრადიციების დაცვაში. ზოგს შეიძლება, არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენ ძველი დროიდან ვარსებობთ და ახლა ყოველ 15 წუთში ვერ შევიცვლით ჩვენს აზრებსა და ცხოვრების წესს. მინდა, ერმა იცოდეს, არცერთ მხარეს გამოუთქვამს სურვილი ჩვენთან მოსვლის. ჩვენთან არავინ მოსულა პოზიციიდან თუ ოპოზიციიდან. ვისურვებდი, პოლიტიკოსები ისე მოქცეულიყვნენ, რომ საქართველომ გაიმარჯვოს. საქართველო ჩვენი საერთო სახლია და ნუ დავასუსტებთ. ერთმანეთს ნუ ვეომებით და ნუ ვჩხუბობთ.
გამოსავალი უნდა ვნახოთ საქართველოს საკეთილდღეოდ. სულ ასე ერთმანეთის ჭამაში როგორ უნდა ვიყოთ? რა კარგი ერი ვართ, როგორი ნიჭიერი ერი ვართ, კონკურენტუნარიანები ვართ, უცხოეთშიც რომ გავდივართ და ერთი საქართველოსთვის ვერ მოგვივლია. იმედია, მოვუვლით და გადაივლის ეს ყველაფერი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები