28 მილიონი გეგმური ოპერაცია შეიძლება, გაუქმდეს მსოფლიოში: როგორ ზარალდება COVID 19-თან კავშირის არმქონე სამედიცინო დახმარება

უცხოური მედია weforum.org სტატიას აქვეყნებს სათაურით – „COVID-19 პანდემიის 12-კვირიანი პიკის განმავლობაში 28 მილიონი გეგმიური ოპერაცია შეიძლება გაუქმდეს მთელს მსოფლიოში,” სადაც დეტალურად განმარტავს კორონავირუსის პანდემიის დროს გაუქმებული ან გადადებული ოპერაციების მნიშვნელობაზეა საუბარი.

ემა ჩარლტონი (სტატიის ავტორი) კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ ყოველი დამატებითი კვირა 2.4 მილიონ გაუქმებულ ოპერაციას ნიშნავს.

სტატიაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ მსოფლიო მასშტაბით ონკოლოგიური ოპერაციიების 38% გადაიდო ან გაუქმდა. ხოლო შეფერხების აღმოფხვრას შეიძლება 45 კვირა დასჭირდეს.

„COVID 19- ს ხანგრძლივი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რაც ნიშნავს 28 მილიონზე მეტ გაუქმებულ ან გადადებულ ოპერაციას. ეს ფაქტორი თავისთავად უარყოფითად აისახება ჩვენზე და მის აღმოფხვრას შეიძლება წელიწადი დასჭირდეს. ახალი კვლევის თანახმად, თუკი კარანტინი უფრო მეტხანს გაგრძელდება, ზარალი შეიძლება გაიზარდოს.

CovidSurg-ის მკვლევარებმა, მათ შორის მკვლევარებმა ბირმინგემის უნივერსიტეტიდან, 71 ქვეყნის 359 საავადმყოფოში მომუშავე ქირურგების მონაცემების გამოყენებით, შექმნეს სტატისტიკური მოდელი, რომელიც 190 ქვეყანაში 12 კვირიანი პიკის დროს გაუქმებული გეგმიური ოპერაციების საერთო რაოდენობას ითვლის. მათი შედეგი იყო 2,367,050 ოპერაცია კვირაში. ჩაკეტვებისა ან შეზღუდვების ფონზე ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება ყოველი დამატებითი კვირის განმავლობაში.

გაერომ უკვე გაგვაფრთხილა, რომ ორსულობისა და მშობიარობის სერვისები ალბათ იზარალებენ და რომ მასობრივი ვაქცინაციის რამდენიმე კამპანია დროებით შეჩერებულია”, – აღნიშნულია სტატიაში.

„ამ მასშტაბით გეგმიური ოპერაციების გაუქმება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პაციენტებზე და ექნება კუმულატიური, პოტენციურად დამანგრეველი შედეგი მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის სისტემებზე. დროში მგრძნობიარე გეგმიური ოპერაციების შეფერხებამ, როგორიცაა კიბო ან ტრანსპლანტაციის ოპერაცია, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება, ცხოვრების ხარისხის გაუარესება და სიკვდილიანობა” – ამბობს ანილ ბანგუ, კონსულტანტ- ქირურგი და ბირმინგემის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი.

სტატიის ავტორის თქმით, კვლევის თანახმად, გაუქმებული ქირურგიული ოპერაციების უმეტესი ნაწილი კეთილთვისებიანი დაავადებებს ეხება. გლობალურად, კეთილთვისებიანი ოპერაციების 81,7%, კიბოს ოპერაციების 37,7% და გეგმიური საკეისრო კვეთების 25,4% გაუქმდება ან გადაიდება.

სტატიაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ კვლევა, ასევე, პროგნოზირებს, ოპერაციებთან დაკავშირებული ხარვეზის გამოსწორებას 45 კვირა დასჭირდება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნები თავიანთ ქირურგიული ოპერაციების მოცულობას პანდემიის შემდეგ 20% -ით გაზრდიან.

„მთელ მსოფლიოში გეგმიური პროცედურების გაუქმება ან გადადება საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას.

მედიცინის სამეფო საზოგადოების ჟურნალის (Journal of the Royal Society of Medicine) კვლევის თანახმად, დიდი ბრიტანეთის NHS საავადმყოფოების მიერ კოვიდ პანდემიის საპასუხოდ გაკეთებული რთული არჩევანის შედეგად სოციალურად დაუცველი და მარგინალიზებული ადამიანები ჯანმრთელობის უთანასწორობის ზრდას განიცდიან. ეს იმიტომ ხდება, რომ გადაუდებელი დახმარების განყოფილებებს ხშირად იყენებენ მოწყვლადი ადამიანები, მათ შორის უსახლკაროები და მიგრანტები.

ამ ჯგუფებს არ აქვთ წვდომა ტექნოლოგიაზე ან ინტერნეტზე, შესაბამისად, არ აქვთ ონლაინ ან დისტანციური კონსულტაციებით სარგებლობის შესაძლებლობა. სოციალური დისტანცირების ზომებიდან გამომდინარე ჯანდაცვის მრავალი სპეციალისტი მიმართავდა ვირტუალურ კონსულტაციებს, მაგრამ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის”, – აღნიშნულია სტატიაში.

„მთავრობები უკვე უნდა ფიქრობდნენ აღდგენით გეგმებსა და სტრატეგიებზე, რათა ქირურგიული საქმიანობა დაუბრუნდეს ნორმალურ დონეს”, – აცხადებენ CovidSurg კოლაბორაციული ანგარიშის ავტორები და ხაზგასმით აღნიშნავენ იმ ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ზარალს, რომელსაც სახელმწიფოები მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად არ მოიქცევიან.

მათი მოსაზრებით, ამ მიმართულებით მეტი კვლევაა საჭირო, ვინაიდან მათი მუშაობა დაფუძნებულია რამდენიმე ვარაუდზე. ასეც რომ იყოს, საფრთხეები კვლავ რჩება.

„არსებობს რისკი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების გადავადების ან გაუქმების შედეგად კეთილთვისებიანი მდგომარეობის დაგვიანებული მკურნალობა ინდივიდუალურ პაციენტთა მდგომარეობის გაუარესებას, ინვალიდობის გაზრდას და შრომისუნარიანობის შემცირებას გამოიწვევს, ეს კი მნიშვნელოვან სოციალურ ხარჯებს უკავშირდება,”- აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოში გეგმიური ოპერაციების გადადების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 23 ნოემბერს განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაშია (N688) აღნიშნული.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის მიუხედავად, გეგმიური ოპერაციების გადადება არ ეხება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით” განსაზღვრულ ისეთი ტიპის მომსახურებებს, როგორებიცაა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენვიები, ონკოლოგიური ოპერაციები და დანართ 1.8-ით განსაზღვრულ კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარტიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურება.

აგრეთვე, დადგენილების თანახმად, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი მოქმედებს ვადის ამოწურვამდე.

კოვიდპანდემიის დროს, პიკურ სიტუაციებში გეგმიური ოპერაციების გადადება ამერიკასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში პანდემიის გავრცელებისთანავე დაწესდა. მაგალითისთვის, იტალიამ გეგმიური ოპერაციების ჩატარებაზე 2020 წლის მარტშივე თქვა უარი და ამგვარად, ქვეყანაში არსებული ყველა რეანიმაციული საწოლი კოვიდინფიცირებულების მკურნალობას დაუთმო. ექსპერტების შეფასებით, ამგვარი გადაწყვეტილება კოვიდინფექციის მართვას უწყობს ხელს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები