მაია ბუწაშვილი: იმის გასაგებად, მძიმდება თუ არა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე საგანგაშო ნიშანია
ინფექციონისტისა და კლინიკა “ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, არსებობს რამდენიმე საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა მძიმდება.
“იმის გასაგებად, მძიმდება თუ არა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე საგანგაშო ნიშანია. ეს, პირველ ყოვლისა, არის სუნთქვის გართულება. განსაკუთრებით, თუ წუთში 30-ზე მეტი იქნება სუნთქვის სიხშირე. ოღონდ, ადამიანმა ამ დროს მაქსიმალურად უნდა დაიმშვიდოს თავი და ეცადოს, რეალურად გაზომოს სუნთქვის სიხშირე და არ უნდა იყოს ემოციური, რადგანაც ამ დროს შესაძლოა, მოეჩვენოს კიდეც. ასევე, ამ დროს იგრძნობა ტუჩების გალურჯება, ძლიერი ტკივილი გულ-მკრედის არეში, მივარდნილობა და გამოფხიზლების შეუძლებლობა. ასევე, თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება. ისე, ჩვეულებრივად, ამ დაავადებას ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში ახასიათებს, თუმცა ადამიანები ამაზე ძალიან ნერვიულობენ, თუმცა, უნდა იცოდნენ, რომ ეს ამ დროს ნორმალურია,” – აცხადებს მაია ბუწაშვილი.