მამუკა არეშიძე: შეიძლება, გერმანიის ელჩს “მოსყიდული” ეძახო?! ან სააკაშვილმა რა განცხადებები აკეთა ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელზე
,,ნაციონალური მოძრაობა” მუდმივად აპელირებს დასავლეთზე, დასავლურ ფასეულობებზე, მაგრამ საკმარისია, დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან ვინმემ გადაბრუნებული სიტყვა თქვას მათზე და რაღას არ ეძახიან: მოღალატეს, რუსეთის აგენტს… შეიძლება, გერმანიის ელჩს “მოსყიდული” ეძახო?!”, – ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მას პომპეოს ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ამერიკული პოლიტიკისთვის საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
,,პომპეოს ჩამოსვლა იყო როგორც მოკავშირეების, ისე – რეგიონში შექმნილი ვითარების მიმართ აშშ-ის დამოკიდებულების დემონსტრირება. მოგეხსენებათ, ამ ტურნეს ფარგლებში, ის ჩავიდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ამერიკული პოლიტიკის საყრდენად მიიჩნევა. რასაკვირველია, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, გამგებმა ეს გზავნილი გაიგო. პომპეოს ჩამოსვლით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ამერიკული პოლიტიკისთვის საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ვფიქრობ, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე აუცილებლად ისაუბრებდნენ, თუმცა, მეეჭვება, რაიმე კონკრეტული გზავნილები ყოფილიყო”, – განაცხადა მამუკა არეშიძე.
ექსპერტმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკა არის სხვის კარზე ჩივილის პოლიტიკა და პოლიტიკური თავმოყვარეობის დეფიციტია ქვეყანაში.
,,რა უბედურებაა, რომ ერთმანეთთან ლაპარაკს შუამავლების გარეშე ვერ ვახერხებთ?! თანაც უფრო და უფრო ვეფლობით ჭაობში. დღევანდელი ქართული პოლიტიკა არის სხვის კარზე ჩივილის პოლიტიკა, თუმცა, არამარტო დღეს ხდება ასე, წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო და იმის წინა ხელისუფლების დროსაც. მოკლედ, პოლიტიკური თავმოყვარეობის დეფიციტია ქვეყანაში. ოპოზიცია სულ რაღაც ბრალდებებით მიდის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ხელისუფლებები კი თავს იმართლებენ, ვერაფრით მოვახერხეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ისე მოგვარება, რომ სხვაგან საჩივლელი არაფერი გვქონდეს. გვყავს კარგი მეგობრები და ისინი ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენს მოსარიგებლად, მაგრამ როდემდე შეიძლება ასე გავაგრძელოთ?! კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან სამარცხვინოდ წარმოგვაჩენს, შეეხება ,,ნაციონალური მოძრაობის” ქცევას, რომელიც მუდმივად აპელირებს დასავლეთზე, დასავლურ ფასეულობებზე, მაგრამ საკმარისია დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან ვინმემ გადაბრუნებული სიტყვა თქვას მათზე და რაღას არ ეძახიან: მოღალატეს, რუსეთის აგენტს… ცოტა გონს უნდა მოეგონ, შეიძლება გერმანიის ელჩს მოსყიდული ეძახო?! ან სააკაშვილმა რა განცხადებები აკეთა ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსზე.
პომპეოს ვიზიტზეც კი საოცარი განცხადებები გააკეთეს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებულმა პირებმა. იქნებ გაიზარდოს როგორმე ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და საკუთარი პოზიციები ჩამოაყალიბოს! ამ ყველაფერში მხოლოდ სიბინძურე იგრძნობა, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს პოლიტიკოსების მიმართ მხოლოდ ნიჰილიზმს უღვუვებს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.