„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წიგნებით შევსება დაიწყო

„თბილისი – მსოფლიო წიგნის დედაქალაქი 2021“-ის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

პროექტი თბილისის მერიის, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.

პროექტის პირველი ეტაპი ნუმერაციული თანმიმდევრობით მოიცავს თბილისის 62 საჯარო სკოლას. თითოეულ სკოლას 900 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცემა, რომლითაც საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი გამომცემლობისა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციის წიგნებს შეიძენენ.

პროექტის მიზანია თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების უახლესი გამოცემებით შევსება, სკოლის მოსწავლეების თანამედროვე ლიტერატურულ პროცესთან დაახლოება და წიგნიერების ხარისხის გაზრდა.

ვაუჩერიზაციის პროექტი 2021 წელსაც გაგრძელდება და წლის ბოლომდე, თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდება.

„თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ოფიციალურად 2021 წლის აპრილში გადმოიბარებს. მანამდე კი, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. საგანმანათლებლო მიმართულება თბილისის მერიისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ მოხარული ვარ, რომ პროექტის განხორციელებას კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი აქტივობით ვიწყებთ. მომავალი წლის ბოლომდე თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით გამდიდრდება და მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, მათთვის საინტერესო ლიტერატურას გაეცნონ“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

„თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ყველა საჯარო სკოლას მოიცავს. ვაუჩერიზაციის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ადგილობრივი გამომცემლებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდნენ“, – განაცხადა თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.

„ჩვენთვის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების შევსება ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ, წლების განმავლობაში წიგნებით ვამარაგებდით საქართველოს რეგიონალურ ბიბლიოთეკებს. ამ პროექტმა მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, რომ, ამჯერად, თბილისის სკოლის ბიბლიოთეკები შევავსოთ. ეს მოგვცემს საშუალებას, ათასობით ბავშვისა და მათი მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურა, სკოლა და თანამედროვე ლიტერატურული პროცესი დავაახლოვოთ ერთმანეთს, სკოლის ბიბლიოთეკა კი მოსწავლეებისთვის ბევრად მიმზიდველ სივრცედ გადავაქციოთ, სადაც ახალი წიგნი აუცილებლად მოიყვანს ახალ მკითხველს“, – აღნიშნა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავამ.

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილს, კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტის განხორციელება.

UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და  გამომცემლების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები