ნინო ბურჯანაძე: კომპრომისი შეიძლება, იყოს ხელახალი არჩევნები და ამის გარანტორები იქნებიან, დავუშვათ, ჩვენი ფასილიტატორი ელჩები

“კომპრომისი შეიძლება, იყოს ხელახალი არჩევნები და ხელახალი არჩევნების ფონზე აქციების შეწყვეტა, ამ ხელახალი არჩევნების გარანტორები იქნებიან, დავუშვათ, ჩვენი ფასილიტატორი ელჩები”, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მეგობარი ქვეყნის ელჩები დაინტერესებული არიან, რომ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა შესაძლებელი გახდეს.

„კარლ ჰარცელის მხრიდან ამ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა ამ შეხვედრაზე. მან თქვა, რომ ჩვენ ვართ ფასილიტატორები, ანუ დამხმარეები კრიზისის გადაწყვეტაში. ჩვენ არ ვართ აქ, რომ ვინმეს რამე ვუბრძანოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენ ნაცვლადო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აჩვენებს პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტისადმი, საქართველოს პოლიტიკური კლასისა და პოლიტიკური ცხოვრებისადმი, ეს კიდევ ერთხელ ყველამ უნდა გავითავისოთ. ამისთვის მადლობა მინდა, ვთქვა.

ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრისთვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, რომ შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არის არალეგიტიმური, რომელიც არის გაყალბებით არჩეული. ავუხსენი მათ, რომ თუ ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს მარტივად გადაიტანს, აიძულებს ყველასა და ყველაფერს, რომ მისი თამაშის წესები მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში საერთოდ პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური კლასი მოკვდება. კომპრომისი შეიძლება, იყოს ხელახალი არჩევნები და ხელახალი არჩევნების ფონზე აქციების შეწყვეტა. ამ ხელახალი არჩევნების გარანტორები იქნებიან, დავუშვათ, ჩვენი ფასილიტატორი ელჩები. პოლიტიკურმა სპექტრმა გაითავისა, რომ ახლა ნებისმიერი შეცდომა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ნიშნავს მოსახლეობის მხარდაჭერის აბსოლუტურ დაკარგვას. იმ ვითარებაში, როდესაც არის პანდემია, როდესაც არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, არავინ იცის ქვეყანაში როდის შეიძლება სრულიად მოულოდნელად აფეთქება მოხდეს, ღმერთმა არ ქნას და ასეთი აფეთქება რომ მოხდეს, თუ პოლიტიკური კლასი იქნება განადგურებული და ხალხის მიერ ნდობადაკარგული, ეს საერთოდ დააქცევს და დაანგრევს ქვეყანას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები