მიხეილ ჩხენკელი „რომი 2020“-ის მინისტერიალზე – ჩვენ ვიზიარებთ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცისა და ბოლონიის პროცესის ხედვას ინკლუზიური და ინოვაციური უმაღლესი განათლების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით

მიხეილ ჩხენკელმა ევროპული უმაღლესი განათლების ონლაინ მინისტერიალში „რომი 2020“ მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა მონაწილეობა მიიღო იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროსა და ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სამდივნოს ორგანიზებულ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ონლაინ მინისტერიალში – „რომი 2020“, რომელსაც ბოლონიის პროცესის წევრი 48 ქვეყნის დელეგაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით დასახული საერთო მიზნები და საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა და ამ კუთხით ევროპული პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ ვიზიარებთ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცისა და ბოლონიის პროცესის ხედვას ინკლუზიური, ინოვაციური და ურთიერთდაკავშირებული უმაღლესი განათლების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. სამინისტრო ხელს უწყობს საქართველოში უმაღლესი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას, ინოვაციური მიდგომების გავრცელებასა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მექანიზმების დანერგვას. ამასთან, საქართველოს უნივერსიტეტებს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვთ ციფრული ტექნოლოგიებისა და სწავლების შერეული მეთოდების გამოყენების მიმართულებით.
ჩვენი დიდი ძალისხმევისა და თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელების შედეგად, დღეს საქართველო არის Erasmus+ პროგრამის პარტნიორი ქვეყანა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი. ამავდროულად, დაინტერესებულები ვართ, განვიხილოთ ევროპული უნივერსიტეტების გაერთიანების წევრობის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ევროპული ღირებულებების წახალისებას, ასევე, ევროპულ სივრცეში უმაღლესი განათლების კონკურენტუნარიანობის ზრდას,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები