ქართული ოპოზიციის ჩიხში შესულ საპროტესტო აქციებზე, მაიკ პომპეოს ვიზიტის შედეგებზე, მსოფლიო პანდემიის ფონზე ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმებზე ,,კვირა“ ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრა:
-ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მათი ერთობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რა იქნება ის საუკეთესო გადაწყეტილება, რომელიც ოპოზიციას წაგებული ბრძოლიდან მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით გამოიყვანს?
-ოპოზიციამ ჩიხში თავი თავადვე შეიყვანა. შევთანმდეთ, რომ აბსოლუტურად იდეალური არჩევნები არა თუ საქართელოში, მსოფლიოს ყველაზე უფრო დემოკრატიულ ქეყნებშიც ვერ ტარდება. არჩევნებს იგებს ხალის განწყობა. ამ შემთვევაში, საქართველოში ხალის განწყობა არ გაყალბებულა. თუ გადავხედავთ უკანასკნელი 30 წლის საარჩევნო პროცესს ჩვენს ქეყანაში, დავინახავთ, რომ ყველა მათგანში გაიმარჯვა ამომრჩევლის ნებამ. არც სააკაშვილის არჩევნები გაყალბებულა, მაშინ 97% ადამიანებისა მას გაჰყვა კუდში უკეთესი მომავლის იმედით.
-31 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია საკმაოდ მძლავრ ძალად ყალიბდებოდა, რომელსაც შეეძლო, ღირსეული კონკურენცია გაეწია სახელისუფლებო ძალისთვის.
– იმ ხმების ერთობით, რაც ოპოზიციამ პარლამენტში მოიპოვა, შეეძლო, წმინდა პოლიტიკური და კონსტიტუციური მეთოდებით ნიადაგიც კი მოემზადებინა ხელისუფლების გადაბარებისთვის. მიმაჩნია, რომ აქ ოპოზიციამ პირველი შეცდომა დაუშვა. მეორე სერიოზული შეცდომა საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიციის უგულებელყოფა იყო, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩენო პროცესს და ერთხმად განაცხადეს, რომ არაფერი კატასტროფული 31 ოქტომბრის არჩევნებზე არ მომხდარა. ოპოზიციამ ვერ გააცნობიერა, რომ გეოპოლიტიკური სივრცე ჩვენ ირგვლი იცვლება, ყველა მოკავშირის აზრის საწინააღმდეგოდ თუ წახვალ, მათ შენ მიმართ გაუჩნდებათ სკეპტიკური დამოკიდებულება და აღარ ჩაგთვლიან სერიოზულ, კონკურენტუნარიან და პასუხისმგებლიან ძალად, უბრალოდ, საქმეს აღარ დაიჭერენ შენთან.
-ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც არაპირდაპირ გამოთქვა აზრი, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში.
-პომპეოს საქართველოში ვიზიტის მიზანი ქართული ოპოზიციის პარლამენტში შედენა არ იყო. ვიზიტი გეოპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას უკავშირდებოდა. პომპეომაც გაიმეორა ის მოსაზრება, რომელიც იქამდე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მისიებმა გამოთქვეს, რომ სასურველია, ოპოზიცია იხილონ პარლამენტში და არა – ქუჩაში. პომპეო იმ რანგის პოლიტიკოსი არ არის, პირდაპირ უთხრას ოპოზიციას – ქუჩაში რას დგახართ, შედით პარლამენტშიო.
-ოპოზიცია გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ლიდერისგან ელის ისე, როგორც მის სამშობლოში დაბრუნებასა და ფრონტის წინა ხაზზე დგომას…
-ყველამ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერებმა კარგად იცის, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა, თუ ამას ხელისუფლება არ მოინდომებს. ჩამომსვლელი აქამდე ჩამოვიდოდა. თუ ახლა ოპოზიცია, რომელიც დღითიდღე კარგავს მომხრეებს, ჩიხიდან ვერ გამოვა, მათ მიმართ სერიოზული კითხვის ნიშნები გაუჩნდებათ ყელას, მათ შორის, უერთგულეს მომხრეებსაც კი. ოპოზიციამ ხელიდან არ უნდა გაუშვას შესანიშნავი შანსი, შევიდეს პარლამენტში და აკეთოს მნიშვნელოვანი საქმეები, თუნდაც, მოემზადოს ხელისუფლები მშვიობიანი გადაბარებისთვის.
-ხელისუფლების გადაბარება ამომრჩევლის განწყობაზეა დამოკიდებული. არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციას ჰყავს მომხრეთა სოლიდური რაოდენობა, თუმცა, არა იმდენი, რამდენიც მას უმრავლესობაში მოიყვანს.
-2012 წელს ,,ქართული ოცნება“ ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი უდავო ლიდერი და გადამწყვეტი მნიშვნელობის ფიგურა იყო, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ივანიშვილის ფაქტორი, ამომრჩევლის განწყობა ისეთი იყო, ის მაინც ჩამოაგდებდა სისხლიან და დამნაშავე ხელისუფლებას. თუმცა, მას შემდეგ ხელისუფლებამაც დაუშვა ბევრი შეცდომა, რაც ამომრჩევლის განწყობაზე აისახა და სწორედ ამიტომ მიიღო ოპოზიციამ 2020-ის არჩევნებში ამდენი ხმა.
-ხელისუფლების მთავარი შეცდომა რა იყო?
-ყოველ დღე ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმის შეხსენება, რამდენი დანაშაული ჩაიდინა მან ხელისუფლებაში ყოფნისას. ,,ნაციონალების“ ასეთი პროცენტი 31 ოქტომბრის არჩევნებზე არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების შეცდომების დამსახურებაა. იყო ხელისუფლებაში, ოპოზიციას ყოველ დღე დამნაშავე ეძახო და ვერაფერი გააკეთო მის დასასჯელად, სერიოზული შეცდომაა, თუნდაც, პროპაგანდის კუთხითაც კი.
-კოჰაბიტაციის პროცესი ხომ დემოკრატიისთვის გადახდილი ხარკი იყო, რომელსაც უცხოელი პარტნიორებიც ამართლებდნენ?
-შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული ქვეყნებისთვის ანგარიში აუცილებლად უნდა გაეწია, მაგრამ ყოველდღიურად ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმის შეხსენაბა, როგორი დამნაშავეები იყვნენ ისინი, მაინც დიდ შეცდომად მიმაჩნია. ხელისუფლებას უბრალოდ უნდა დაევიწყებინა ეს თემა და ნებსითი თუ უნებლიე რეკლამა არ ეკეთებინა ყოფილი, დამნაშავე ხელისუფლებისთვის.
-პანდემიის ფონზე ჩვენი ეკონომიკა მძიმე დღეში აღმოჩნდა.
-საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც, პანდემიის ფონზე, სერიოზული პრობლემების წინაშეა. უზარმაზარი ქვეყნები უზარმაზარ დანაკარგს განიცდიან და ჯერაც არავინ იცის, სად არის ფსკერი, როდის და რა შედეგით დასრულდება ყველაფერი. დღეს საუბარი მხოლოდ გადარჩენის გეგმაზე შეიძლება და არა – ანტიკრიზისულ პროგრამაზე. 28 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მივაბით დამღუპველ ნეოლიბერალურ დოქტრინას, რომელიც დილეტანტიზმის სრული გამოვლინება იყო. იგნორირება გავუკეთეთ ყველა ჩვენს ბუნებრივ, ეკონომიკურ თუ ადამიანურ რესურსს და ჩვენი ქვეყნის შემოსავლები მხოლოდ ტურიზმზე ჩამოვკიდეთ. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გვაჩვენა, რომ ისეთი გიგანტური ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნები, როგორებიც იყვნენ საბერძნეთი და ესპანეთი, კატასტროფის წინაშე ამოჩნდნენ, როგორც კი ტურისტულ ნაკადებს საფრთხე შეექმნა.
– შესაძლებელია, 21-ე საუკუნეში საქართველო განვითარებულ აგრარულ ქვეყნად ვაქციოთ?
-საქარველოს ბიუჯეტი დღეს 17 მილირდია – ერთი მძლავრი ამერიკული კომპანიის ბიუჯეტი. ამ პირობებში შეიძლება მძლავრი აგრარული ქვეყანა ვერ გავხდეთ, თუმცა, კრიზისის პირობებში საკუთარი სოფლის მეურნეობა გვაძლევს საშუალებას, მოვმარაგდეთ საკვები პროუქტებით. ნიდერლანდების სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის შემოსავალი 100 მილიარდი დოლარია. ჩვენ მათზე გაცილებით დიდი პოტენციალი და რესურსი გვაქვს. რატომღაც ეს პოტენციალი დავივიწყეთ და სერვისების განვითარებაზე გადავედით, გვინდოდა, ქვეყანა სატრანსპორტო დერეფნად გვექცია და უშრომელად მიგვეღო შემოსავლები, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ზღაპრებში ხდება. თუმცა, ყველა კრიზისიდან არის გამოსავალი და ის ყოველთვის დაგვანახებს ხოლმე სწორ გზას.
-,,სწორი გზა“ როგორია?
-პრიორიტეტად წარმოების განვითარება უნდა ვაქციოთ და არა – იმპორტზე დაფუძნებული ეკონომიკა. ქვეყანა ინოვაციურ რელსებზე გადავიყანოთ, რომელიც, დაახლოებით, 10 წლის შემდეგ შედეგს დაგვანახებს. ტურიზმის განვითარება მშვენიერია, მაგრამ ქართული ეკონომიკის ,,დრაივერი“ ის ვერ გახდება. საქართველო ძალზე თვითკმარი ქვეყანაა, ფანტასტიკური პოტენციალი გვაქვს ბიოპროდუქციის წარმოებისათის, რომელზე მოთხოვნაც მთელს მსოფლიოში იზრდება და მზარდი იქნება ნებისმიერი ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ღმერთის ანაბარა დატოვებულ მცირე და საშუალო ბიზნესსაც უნდა წავაშველოთ ხელი. მხოლოდ ღია ეკონომიკითა და საღი რეგულაციებით, მიზანმიმართული მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და საკუთარი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებით დავდგებით ფეხზე და ეს არცთუ შორეულ მომავალში იქნება შესაძლებელი.
ია დანელია