საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შედეგების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.1 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტით გაიზარდა და 1 956.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, მიმდინარე წლის ათ თვეში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 405.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 320.3 მლნ. აშშ დოლარით და ბულგარეთი – 254.1 მლნ. აშშ დოლარით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს 618.6 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები – 197.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 162.5 მლნ. აშშ დოლარით.