მაია მელიქიძე ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი და ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე, მაია მელიქიძე ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით წარდგა და ქალთა კარიერული წინსვლისა და მოტივაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
სემეკ-ის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა ქალების გლობალურ საკითხებში, კელი კურიმ. მაია მელიქიძესთან ერთად პროექტის გახსნაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების ქალი ხელმძღვანელები.
“მაია მელიქიძემ ყურადღება გაამახვილა კარიერულ საფეხურებზე არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე და გამოთქვა მზადყოფნა, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით წვლილი შეიტანოს ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებაზე.
ქალების გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივა (WGDP) – ქალების წინსვლა ენერგეტიკის სფეროში – არის 2 წლიანი პროექტი, რომელიც ფინანსდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID- ის მიერ და ხორციელდება აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის NARUC-ის ეგიდით. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ენერგეტიკის სფეროში დასაქმებული ქალები ევროპის ქვეყნებიდან.
გენდერული თანასწორობის პროექტის ფარგლებში მოხდება სემეკში გენდერული თანასწორობისა და ბალანსის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრია სემეკის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ეკატერინე შეყრილაძე. პროექტი მიზნად ისახავს კარიერის შუა ეტაპზე მყოფი ქალების დახმარებასა და ხელშეწყობას კარიერულ წინსვლაში, ახალი უნარების განვითარების, მოტივაციის ამაღლების და ტრენინგების გზით. ამ მიზნით შექმნილ ფოკუს ჯგუფში სემეკის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს სემეკის პრეს სპიკერი, ქეთევან ბერიკაშვილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.