პროკურატურა განზრახ მკვლელობისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა განზრახ მკვლელობისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ნ.ნ.-სთვის, ასევე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ა.უ.- სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ნ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მ.მ.-ს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
“აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნ.ნ.-მ ასევე განზრახ მოკვლის მიზნით ლ.შ.-ს ყელის არეში მიაყენა ჭრილობები. ბრალდებულმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ლ.შ.-მ გაქცევა მოახერხა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ნ.-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ იცოდა ა.უ.-მ, თუმცა, არ შეატყობინა სამართალდამცველებს.
ნ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით), ხოლო ა.უ.-ს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეუტყობინებლობა) წარედგინათ”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.