თეა ახვლედიანი: თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია
“საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მინისტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.
ახვლედიანის თქმით, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია.
,,დღეს, 16 ნოემბერს საქართველო, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, ტრადიციულად აღნიშნავს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს იმის დასტურად, რომ ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ღირებულებაა. ეს დღე, გაერო-ს გადაწყვეტილებით, 1996 წლიდან აღინიშნება, როგორც მსოფლიოს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურების მიმართ პატივისცემის, სხვადასხვა ეთნოსის მშვიდობიანი, სოლიდარული და ჰარმონიული თანაცხოვრების აუცილებლობის აღიარება.
ჩვენი ქვეყანა, სადაც ეთნიკური წარმომავლობით, კულტურით, მრწამსითა და ტრადიციებით განსხვავებული საზოგადოების წევრები საუკუნეების განმავლობაში ღირსეულად თანაცხოვრობენ და ერთად იღწვიან სამშობლოს განვითარებისთვის, ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ურთიერთპატივისცემა და შემწყნარებლობა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რამაც ჩვენი ქვეყნის მრავლეთნიკური მოსახლეობისთვის საქართველო სამშობლო გახადა და ამავდროულად უზრუნველყო მათი კულტურული იდენტობის შენარჩუნება.
საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით. საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტებით და დანერგილი მექანიზმებით უზრუნველყოფილია თანასწორობა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა. ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ ქვეყანაში მცხოვრები ეთნოსების კულტურის მდიდარ მრავალფეროვნებას, თითოეული მოქალაქის ღირსებასა და თავისუფლებას.
სწორედ ამ ღირებულებებსა და უნიკალურ ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნება საქართველოს ხელისუფლების ხედვა დემოკრატიული, ტოლერანტული და თანასწორი საზოგადოების შემდგომ განმტკიცებასთან დაკავშირებით. ამავე იდეას ატარებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა იდენტობის და უფლებების დაცვას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოსა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია.
ყოველწლიურად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმიწიფო მინისტრის აპარატი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი პროგრამითა და აქტივობებით აღნიშნავდა, რისი სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობაც წელს, სამწუხაროდ, შეიზღუდა კოვიდ-პანდემიის გათვალისწინებით. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიის ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რამდენად ღირებული და არსებითად მნიშვნელოვანია თანადგომა, ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტული განწყობების უფრო მეტად გაძლიერება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ვულოცავ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს თანასწორობისა და ტოლერანტობის ყველა ქომაგს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას”, – აცხადებს თეა ახვლედიანი.