დავით მუჯირი: VIP ლოჟაში კონკრეტული პირების მოხვედრა უეფა-სთან შეთანხმებული იყო

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე, VIP ლოჟაში კონკრეტული პირების მოხვედრა უეფა-სთან შეთანხმებული იყო.

მისივე თქმით, VIP ლოჟაში იმყოფებოდა მხოლოდ აკრედიტებული მედია და ამას დამატებული ფედერაციის თანამშრომლები და ხელმძღვანლობა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მედიასაშუალებები ამ შეკითხვებით იწყებთ გუშინდელი მარცხის შემდეგ საუბარს. არის ოფიციალური სია, რომელიც არის უეფა-სთან შეთანხმებული ისევე, როგორც გასვლით თამაშებზე ვათანხმებთ. ჩვენც გვქონდა შეთანხმებული და ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციაც იყო წინასწარ შეთანხმებული. ისინი უფრო მეტნი იყვნენ გუშინ VIP ლოჟაში, ვიდრე – ჩვენი წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა გუშინ გულშემატკივრის მოსვლა თამაშზე და სამწუხაროა, რომ მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაც ვერ მოხერხდა, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს. სია იყო შეზღუდული და უეფა-სთან შეთანხმებული. ქალაქის მერი, ბატონი კახი კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მას სამი ადგილი ჰქონდა განკუთვნილი. ამასთან, როგორც თქვენ ეძახით, VIP ლოჟაში იმყოფებოდა მხოლოდ აკრედიტებული მედია და ამას დამატებული ფედერაციის თანამშრომლები და ხელმძღვანლობა. სპორტის სამინისტროს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა თამაშს, მინისტრის მოადგილე – შალვა გოგოლაძე“, – განაცხადა მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებსა და ფედერაციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოში შერჩევითი სამართალია, რომელიც მაღალჩინოსნებს VIP-ტრიბუნიდან მატჩის ყურების საშუალებას აძლევს, როდესაც გულშემატკივარს ამის უფლება არ აქვს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები