საბერძნეთის ციხეში პატიმრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, მათ შორის ქართველებიც არიან

საბერძნეთში, დიავათას ციხეში კორონავირუსი 59 პატიმარსა და 6 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

Kathimerini წერს, რომ კორონავირუსზე ტესტირება 470 პირს ჩაუტარდა და მათგან 65 აღმოჩნდა დადებითი, თუმცა, ტესტირება ჯერ დასრულებული არ არის.

ასევე, აღინიშნება, რომ ამჟამად ციხე სამ ნაწილად არის გაყოფილი, სადაც კოვიდდადებითი პატიმრები, ისინი – ვინც პასუხს ელოდება და უარყოფითი პასუხის მქონე პირებია მოთავსებული.

კოვიდ19-ით ინფიცირებულებს შორის ქართველებიც არიან.

როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს, თესალონიკში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ.

“საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზეა ციხის ადმინისტრაციასთან იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოს ქართველი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ თესალონიკის ციხეში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული.

აღსანიშნავია, რომ თესალონიკში საქართველოს საკონსულოს კონტაქტი ციხის ადმინისტრაციასთან შედგა მყისიერად – მას შემდეგ, რაც ბერძნულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია ციხეში კოვიდ ინფექციის შესახებ.
საქართველოს საკონსულო დაუკავშირდა უშუალოდ ციხის ადმინისტრაციას, რათა ინფორმაცია მიეღო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. კონსული იმყოფებოდა ციხეში, სადაც კარანტინის არსებობის გამო ვერ მოხერხდა უშუალოდ პატიმრებთან შეხვედრა, თუმცა, შეხვდა პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს.

ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, პატიმრები არიან განთავსებულები შენობის 3 ზონაში. შენობის ერთ ფრთაში მოთავსებულები არიან პატიმრები, რომელთაც უკვე გაუკეთდათ კორონას ტესტი და დაუდასტურდათ ვირუსი, შენობის მეორე ფრთაში იმყოფებიან პატიმრები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტესტი და აქვთ უარყოფითი პასუხი, ხოლო მესამე ფრთაში არიან პატიმრები, რომლებსაც მომდევნო დღეებში ჩაუტარდებათ კოვიდ-19 ტესტი. ციხის ადმინისტრაციამ საქართველოს საკონსულოს გამოუგზავნა ოფიციალური კორესპონდენცია, რომელშიც აცხადებს, რომ ციხეში დაცულია საერთაშორისო პროტოკოლი.

საკონსულო კონტაქტზე რჩება როგორც ბერძნულ მხარესთან, ასევე, პატიმრების ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან”, – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები