ვლადიმერ ბოჟაძე: დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი ადამიანის გარდაცვალების მიუხედავად მაინც გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა და მუქარა
„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი ადამიანის გარდაცვალების მიუხედავად მაინც გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების „ბულინგი”, ზეწოლა, მოსყიდვის მცდელობა და მუქარა”, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
ბოჟაძე მედიით გავრცელებულ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ივანე ბურდული ქრთამის სანაცვლოდ ცესკო-ს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვს.
„ეს არის უკანონო და ამორალური ქმედებები, რომელიც იმ პოლიტიკური ძალის სავიზიტო ბარათია, ვინც 9 წელს ამ მეთოდებით მართავდა ქვეყანას და ახლაც ხელისუფლებაში დაბრუნების, რევანშის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.