კახა კუჭავა: მაიკ პომპეოს ​ვიზიტი გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა ცნობილი

“მაიკ პომპეოს ვიზიტი მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს საქართველო ამერიკისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პომპეოს ვიზიტი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივნის ვიზიტი მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს საქართველო ამერიკისთვის. ეს არ არის ერთი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო მდივანი გვესტუმრება. ბევრი სხვა საკითხია, მათ შორის, რეგიონში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, ქვეყნებს შორის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე არსებული ურთიერთობები, რაც სენატის კანონპროექტში კიდევ ერთხელ დადასტურდა. ვიზიტში ყველაზე მთავარია ის, რომ კარგად ჩანს მაღალი დონის მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკის ადმინისტრაცია ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს. როცა სახელმწიფო მდივანი ამა თუ იმ ქვეყანას სტუმრობს, ეს ერთ-ორ დღეში არ იგეგმება. ვიზიტი გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, ვიდრე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა ცნობილი. არჩევნებზეც რომ იყოს საუბარი, ბუნებრივია, რადგან არჩევნები ახლახან იყო. ეს არ არის ვიზიტის მიზეზი, რადგან გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს შედგება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები