სალუქვაძე: რუსეთისთვის ხელსაყრელი იყო კავკასიის სამ ქვეყანაში სამხედროების განთავსება და მოსკოვმა ეს გააკეთა

“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ჩაყენება რეგიონისთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან რუსეთი შეინარჩუნებს ერთპიროვნულ კონტროლს როგორც აზერბაიჯანზე, ისე – სომხეთსა და კონფლიქტის ერთპიროვნულ გადაწყვეტაზე”, – ამის შესახებ “კვირასთან” საუბარში სამხედრო საკითხებში ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ 9 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და შეხების წერტილში რუსეთის “სამშვიდობო კონტინგენტი” განთავსდება.

სალუქვაძე ამბობს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს რეალობა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებია განთავსებული რეგიონის სამ ქვეყანაში: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სომხეთში სამხედრო ბაზის სახით და ახლა უკვე აზერბაიჯანში სამშვიდობო კონტინგენტის ფორმით. “რუსეთისთვის ამ სამხედროების სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის მთავარია, რომ სამივე სახელმწიფოში იმყოფებიან”, – ამბობს სალუქვაძე.

ექსპერტი განმარტავს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენები, პრინციპში, რუსეთის გეგმის შესაბამისად განხორციელდა, რადგან მას რომ ნდომოდა, 2016 წლის მსგავსად, გარკვეულ მომენტში საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტდა. ასევე, მისი თქმით, კრემლს არც აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის აღება აწყობდა, რადგან მაშინ საკუთარ კონტინგენტს ვერ განათავსებდა.

ამასთან, სალუქვაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ რეგიონში რუსეთთან ერთად მონიტორინგში თურქეთის სამხედროებიც ჩაერთვებიან.

“მნიშვნელოვანი იქნება, განთავსდება თუ არა ყარაბაღში თურქეთის სამშვიდობო კონტინგენტი ან შეიქმნება თუ არა სამშვიდობო მონიტორინგის ცენტრი. თუმცა, ვფიქრობ, ეს შეთანხმება იქნება მიღწეული, რადგან ალიევი ამაზე განცხადებას არ გააკეთებდა, რომ არ ყოფილიყო ამის საფუძველი. ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს თურქეთის კონტინგენტის წარმომადგენლობა აზერბაიჯანში, რადგან აზერბაიჯანი და თურქეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. საფრთხედ მიმაჩნია რუსეთისა და თურქეთის კონტინგენტი, სირიის მსგავსად, ერთ ტერიტორიაზე. რუსეთსა და თურქეთს შორის პერიოდული დათმობების მიუხედავად, ურთიერთობები ხშირად ეძაბებათ. მათ როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად კავკასიაში ურთიერთსაპირისპირო ინტერესები აქვთ და ინტერესების თანხვედრა რთულად მისაღწევი მეჩვენება. დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთისა და თურქეთის კონტინგენტის ყოფნა შესაძლოა, დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდეს, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, 10 ან 50 წლის შემდეგ. ვითარების დაძაბვა შესაძლოა, საქართველოსთვის, კავკასიის რეგიონისთვის არახელსაყრელი სცენარებით განვითარდეს და თუ ამ ერთობლივ მონიტორინგს სირიის სცენარს შევადარებთ, ამას რეგიონისთვის ძალიან სახიფათოდ ვაფასებ”, – ამბობს ექსპერტი.

მისივე თქმით, გუშინ მიღწეული შეთანხმება რამდენად არის მომგებიანი რუსეთისთვის, დინამიკაში გამოჩნდება, რადგან სომხეთში შიდაპოლიტიკური ვითარება დაიძაბა.

“თუ სომხეთის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ მისთვის სრულიად უცნობია, რა იყო ფაშინიანის გეგმა და რომ დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო, სიმართლეს შეესაბამება, რესპუბლიკის მმართველ გუნდს დიდი გამოწვევა ელოდება და, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ ხელისუფლების შენარჩუნება. აქ საინტერესოა, როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები. თუ პრემიერი ფაშინიანი გადადგება, მოლოდინი იმის, რომ პროდასავლური განწყობები გაძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღში სომხეთისთვის უარყოფითი შედეგი დადგა, მინიმალურია. ვთვლი, რომ მაინც მოძლიერდებიან პრორუსულად განწყობილი ძალები და ეს წარუმატებლობა შეფასდება, როგორც ფაშინიანის პირადი კრახი. ​მოჰყვება თუ არა ხელისუფლების ცვლილებას ხელახალი დაძაბულობა ყარაბაღში, უცნობია, მაგრამ ამჟამინდელი სურათით სომხეთს სუსტი შესაძლებლობა ექნება, იქ რამე დაძაბოს, რადგან ზონაში უკვე დგანან რუსი სამშვიდობოები. ეს არის ის რეალობა, რომელთანაც სომეხ ხალხს ამ ხელისუფლების თუ სხვა ხელისუფლების პირობებში მოუწევს შეგუება”, – განმარტავს ამირან სალუქვაძე.

მისივე შეფასებით, გუშინ მიღწეული სამმხრივი შეთანხმებით მივიღეთ ისეთი რეალობა, როდესაც ათეული წლების განმავლობაში მოუგვარებელი კონფლიქტი გადაწყდა არა სამშვიდობო პროცესის, არამედ – საბრძოლო მოქმედებების მეშვეობით.

“ეს არის სიახლე უახლეს ისტორიაში, რაც, დიდი ალბათობით, სხვა კონფლიქტებზეც იქონიებს გავლენას”, – განმარტავს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები