თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს გამარჯვებას ულოცავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანს ომში და მოლაპარაკებათა მაგიდასთან გამარჯვებას ულოცავს.

“აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ფრონტზე და მოლაპარაკებათა მაგიდასთან. გულით გილოცავთ ამ გამარჯვებას. მომავლშიც ვიქნებით ერთნი, ერთი ნაცია, ერთიანი გულით ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებთან”, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

9 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერის მიერ ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნა ხელმოწერილი.

დოკუმენტის თანახმად,

20 ნოემბერს აზერბაიჯანს აგადამის რაიონი უნდა დაუბრუნდეს; მთიანი-ყარაბაღის შეხების წერტილში, ასევე, ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, განლაგდება რუსეთის “სამშვიდობო კონტინგენტი”, რომლის შემადგენლობაში იქნება 1960 სამხედრომოსამსახურე, 90 ჯავშანმანქანა, 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა; სამშვიდობო კონტინგენტის პარალელურად, უნდა მოხდეს სომხეთის ჯარის გაყვანა. კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადად 5 წელი განისაზღვრა, 5-წლიანი გახანგრძლივების დათქმით.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, სომხეთი 15 ნოემბრამდე უბრუნებს აზერბაიჯანს ქელბაჯარის რაიონს, 1-ელ დეკემბრამდე კი, ლაჩინის რაიონს და დაიტოვებს 5-კილომეტრიან ლაჩინის დერეფანს, რომელიც მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის კავშირს მოემსახურება, თუმცა, ქალაქ შუშას არ შეეხება.

უახლოეს სამი წლის განმავლობაში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფნის გავლით გადაადგილების შესახებ, რომელიც სტეპანაკერტსა და სომხეთთან კავშირს მოემსახურება. აზერბაიჯანი უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას, რომლებიც ლაჩინის დერეფნით ისარგებლებენ.

დევნილები ბრუნდებიან მთიან ყარაბაღში და მის მიმდებარე რაიონებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს კონტროლს ქვეშ.

მოხდება ტყვეების გაცვლა და ცხედრების გადაცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები