ეუთო – საქართველოში საარჩევნო მისიის ლიდერები შეშფოთებულნი არიან ბოლო დროის საპროტესტო გამოსვლების გამო და აქციის მონაწილეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების და ბოლო დღეებში თბილისში (საქართველო) პოლიციასთან შეტაკებების შესახებ ცნობების საპასუხოდ, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და ეუთოს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ლიდერმა, ელონა გებრა ჰოჯამ (ევროპარლამენტარი, ალბანეთი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პია კაუმამ (ევროპარლამენტარი, ფინეთი) მოუწოდეს საპროტესტო აქციების მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხოლო ხელისუფლებას – პატივისცემით მოეკიდონ შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

„მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები, ზოგადად, დაცული იყო, თუმცა მე ასევე შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მივესალმები ადამიანების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, მაგრამ ძალადობრივი აქტები მიუღებელია. მე მოვუწოდებ საპროტესტო აქციების მონაწილეებს მშვიდობისკენ. ამავე დროს, მართალია, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციას აკისრია თავშეკავების ვალდებულება დემონსტრანტებთან მიმართებაში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს საპროტესტო აქციების მონაწილეებს და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს,”- განაცხადა ჰოჯამ.

პია კაუმა მხარეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს კონსტრუქციული დიალოგისკენ, რათა დაძლეული იყოს ამჟამინდელი პოლარიზაცია და ერთობლივად შემუშავდეს სტაბილური პოლიტიკური ჩარჩო, ასევე გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისგან ახლახან მიღებული გზავნილებს მხარს ვუჭერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სავარაუდო საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფაში,”- განაცხადა პია კაუმამ.

გენერალურმა მდივანი რობერტო მონტელა დარწმუნებულია, რომ ყველა დაინტერსებული მხარე იქნება მაქსიმალურად თავშეკავებული.

„საქართველოს არჩევნებზე და ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების დაკვირვების საფუძველზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერსებული მხარე იქნება მაქსიმალურად თავშეკავებული და გამოამჟღავნებს პასუხისმგებლობის მაღალ დონეს და ერთგულებას საერთო სიკეთის მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფრო მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხი,”- განაცხადა რობერტო მონტელამ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიავლინა სადამკვირვებლო მისია. ამ მისიის თანახმად (რომელიც შედგა ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი ძალისხმევით), არჩევნების ტექნიკური ასპექტების მართვა წარიმართა ეფექტიანად, მიუხედავად COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, თუმცა მმართველი პარტიის დომინირებამ საარჩევნო კომისიებში უარყოფითად იმოქმედა მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე.

არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვნად შეცვლილი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შედეგად, რომლებმაც მოიტანა გარკვეული გაუმჯობესება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კუთხით, თუმცა ასევე აუცილებელია შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების გამოსასწორებლად, ვკითხულობთ განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მიმდინარეობს გადათვლის პროცესი, რათა გადამოწმდეს და დაზუსტდეს უბნების შემაჯამებელი პროტოკოლების მონაცემები. 2020 წლის 8 ნოემბრის მონაცემებით, უკვე განხორციელდა 24 საარჩევნო უბნის პროტოკოლების გადათვლა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები