ვახტანგ გომელაურმა საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან გამართული აქციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. უცხოელ დიპლომატებს მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად შეხვდა.
როგორც ,,კვირას” შსს-დან აცნობეს, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროს მხრიდან პროაქტიულად მიეწოდათ ინფორმაცია 8 ნოემბერს, თბილისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული აქციის მიმდინარეობის შესახებ.
“დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებებით, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე შეკრებებისა და საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. აღნიშნულ საკითხზე მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა, შეკრებების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და მათზე პოლიციის რეაგირების შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო პარტნიორებისთვის პროაქტიულ რეჟიმში მიწოდების თაობაზე,”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.