ამირან გამყრელიძე: დაუშვებელია, რომელიმე სამედიცინო დაწესებულებამ მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გასამრჯელო მოსთხოვოს, რადგან მას სახელმწიფო სრულად აფინანსებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, როგორც გრიპის ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მოქალაქისთვის გასამრჯელოს მოთხოვნა დაუშვებელია.
“კოვიდისგან განსხვავებით, გრიპისთვის არსებობს ეფექტური წამალი, ვაქცინა. ყოველწლიურად ქვეყანაში ვაქცინის სულ უფრო მეტი დოზის შემოტანა ხდება. წელს ყველაზე მეტი იქნა შემოტანილი. დაახლოებით, 300 000-მდე ვაქცინა გვაქვს. არსებობს მინისტრის ბრძანება იმ რისკჯგუფების შესახებ, ვინც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრება. ჩვენს ვებგვერდზეც და ფეისბუქგვერდზეც შეგიძლიათ, ჩამონათვალის ნახვა.
როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სახელმწიფო სრულად აფინანსებს. დაუშვებელია, რომელიმე სამედიცინო დაწესებულებამ მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. ეს დაუშვებელია. მაქვს გარკვეული ინფორმაცია მედიიდან და სოციალური ქსელებიდან, რომ მთელი რიგი სამედიცინო დაწესებულებები ფორმის გახსნაში, ექიმის მომსახურებაში მოქალაქეებისგან ითხოვენ გასამრჯელოს. ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცედენტები არ იქნას დაშვებული.
გრიპისგან დაცვას წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა გრიპისა და კოვიდის ზედდების შემთხვევაში, არ იყოს კიდევ უფრო მეტი გართულება. სასურველია, 20 ნოემბრამდე ყველა აიცრას, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას 10-14 დღე სჭირდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.