“საია-ს შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა”,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ არჩევნების შესახებ გავრცელებულ შემაჯამებელ შეფასებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საიამ უარყოფითად შეაფასა ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებაც, რამაც ამომრჩეველში მანიპულაციის განცდა გააჩინა.
საიას შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე. დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო. ამას ემატებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით.
კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც უკავშირდებოდა:
ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს (მთელი დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის მიმდინარეობისას თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას); ფარულობის პრინციპის დარღვევას; მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევას, მათ შორის, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იგივე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტებს, ასევე, არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებასა და ხმის მიცემას; გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს; არაუფლებამოსილი პირების გადაადგილებას უბნის ტერიტორიაზე.
საიას ცალკეულ უბნებზე შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა. დაფიქსირდა საიას დამკვირვებლების მიმართ აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. რიგ შემთხვევაში დამკვირვებლებს საარჩევნო უბანზე არ აძლევდნენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების და საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობას. 2 დამკვირვებელს უბანი დაატოვებინეს. გარდა ზემოხსენებულისა, საიას დამკვირვებელი გაერთიანებული ოპოზიციისა და მასთან აფილირებული ორგანიზაციების ზეწოლის ობიექტი გახდა.
დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა უბნებსა და გარე პერიმეტრზე დაძაბული გარემო, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაში გადაიზარდა. დაფიქსირდა ჟურნალისტთა შეურაცხყოფისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევები, რაც საიამ უარყოფითად შეაფასა, ხოლო შსს-ს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდა.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ქარელისა და ხაშურის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე (დამკვირვებლებმა აღრიცხეს თანხის გადაცემის შემთხვევები).
ტენდენციად გამოიკვეთა საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი წესების შესრულებისას, რაც აფერხებდა კენჭისყრის პროცესს და იწვევდა პროცედურული დარღვევების ზრდას.
დარღვევების ციკლი გაგრძელდა უბნების დახურვის შემდგომაც. ხმების დათვლის დროს კომისიები ბალანსს დროულად ვერ სვამდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში გაცემულია იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდება. ხშირ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან დაულუქავი სახით მიდიოდა ჩანაწერთა წიგნები და სხვა დოკუმენტაცია. საიამ უარყოფითად შეაფასა ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებაც, რამაც ამომრჩეველში მანიპულაციის განცდა გააჩინა.
საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგს (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შესწავლას და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში). ორგანიზაცია გეგმავს საბოლოო ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეაფასებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე კენჭისყრის დღეს.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდებოდა. საბოლოოდ, მისიამ საერთო ჯამში 2250 უბნამდე დაფარა.
საია ყურადღებას ამახვილებდა როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე, მონიტორინგს უწევდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც იყენებდა საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში. არჩევნების დღეს საიაში ასევე მუშაობდა ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საიამ დღის განმავლობაში 4 პრესკონფერენცია ჩაატარა მედიაცენტრში. პრესკონფერენციები გაიმართა: 10:00, 14:00, 18:00 და 21:00 საათზე, ხოლო 1-ლ ნოემბერს – 12:30 საათზე. საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ევროკავშირისა და „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.